ბათუმში ხვალ დაგეგმილი ოპოზიციის შეხვედრები, დანიური ფონდის დაფინანსებით, აღარ გაიმართება. ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების მიერ დემოკრატიის ფესტივალის წინააღმდეგ წამოწყებულმა ნეგატიურმა კამპანიამ გავლენა იქონია ორგანიზაციულ მხარეზე, რის გამოც იძულებული გახდნენ, რიგით მეოთხე და შემაჯამებელი ღონსიძიება გაეუქმებინათ.
ეს ფაქტი "ქართულ ოცნებას" დაუკავშირა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმაც. როგორც ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, ფესტივალისთვის ხელის შეშლა მეტყველებს, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები არ იყოს თავისუფალი.
“ბუნებრივია, სადაც პოლიტიკური პარტიები იღებენ მონაწილეობას, ყველგან პოლიტიკური ხასიათის პროცესია და ყველგან პოლიტიკური პარტია ეურთიერთობა თავის ამომრჩეველს, მიუხედავად იმისა, საარჩევნო კამპანია არის დაწყებული თუ არა.
არ მოსწონთ, რომ იყოს ხალხთან უშუალო დიალოგი და არ მოსწონთ და ღიზიანდებიან, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიები ახერხებენ საზოგადოებასთან კონტაქტს, საზოგადოებისთვის თავისი პლატფორმისა და შეხედულებების გაცნობას,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური პლატფორმის ”ერთიანობა” ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა ამბობს, რომ პარტიისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფორმატი, რომელიც მრავალპარტიულ დემოკრატიას შეუწყობს ხელს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფორმატი, რომელიც იქნება ხელშემწყობი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ხელშემწყობი ფაქტორი დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადგილებზე ხვდები რეგიონის მოსახლეობას. ეს არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის და იმისთვის, რომ თვითონ პარტიებს შორისაც იყოს ჯანსაღი კომუნიკაცია,“ - აცხადებს ლანა გალდავა.