საპარლამენტო უმრავლესობამ დავით გამყრელიძეს პოლიტიკური წარსული შეახსენა. ბექა ოდიშარიამ დღეს საქართველოს ბოლო ოცწლეულის პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა და ამ პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობასთან" გამყრელიძის კავშირიც გაიხსენა.
12 წლის წინ პოლიტიკიდან წასულმა და ხაზარაძის კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაბრუნებულმა დავით გამყრელიძემ, თავის განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე საუბარი დღეს აღარ ისურვა. მის პოლიტიკურ წარსულზე კომენტარი არც ამჟამინდელმა თანაგუნდელებმა გააკეთეს. თქვეს მხოლოდ ის, რომ დაგეგმილ არჩევნებში გამყრელიძის გამოცდილების იმედი აქვთ.
2003 წელს "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, დავით გამყრელიძე პარლამენტის იმ ისტორიულ სხდომას იხსენებს, რომელზეც კვორუმის შესავსებად მისი პარტია დარბაზში შევიდა. სწორედ ამ სხდომას მოჰყვა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში. 21 წლის წინ განვითარებული ეს მოვლენები დღეს მიხეილ სააკაშვილის ვეტერანმა თანაგუნდელებმა გაიხსენეს. გია ბარამიძემ არ დამალა, რომ მაშინ დავით გამყრელიძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" გაწეული დახმარების მიუხედავად, "ახალი მემარჯვენეები" 2003 წლის შემდეგ ოპოზიციაში დარჩნენ, თუმცა, გამყრელიძის მაშინდელი კოლეგები იხსენებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომელიც სააკაშვილის გუნდთან მის შეთანხმებებს ეხებოდა, მაგალითად, როდესაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამყრელიძემ კანდიდატურა არ მოხსნა, რითაც გაერთიანებულ ოპოზიციას ხმები დააკარგვინა და სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის ვადა გაუხანგრძლივა. ჯონდი ბაღათურია დღეს "კურიერთან" 2008 წლის კიდევ ერთ მოვლენას - საპარლამენტო მანდატებზე დავასაც იხსენებს.
ფსევდო ოპოზიურ პარტიებზე, ამ პარტიების ლიდერებზე და, მათ შორის, დავით გამყრელიძეზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ღია წერილში. ივანიშვილმა ამ წერილში ის პოლიტიკოსები დაასახელა, ვისაც მაშინდელი ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ამხელდა და მათთან თანამშრომლობას გამორიცხავდა.
2006 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის მხარდაჭერა, თანხმობა 2011 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიების დამდგენი კომისიის წევრობაზე და დიდი ოპოზიციური ერთობის - რვიანის დაშლა - დავით გამყრელიძეს პოლიტიკური წარსულიდან ეს ფაქტები დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ გაახსენა. მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ "ექიმი, მეწარმე, ლიდერი" თავდაპირველად მამუკა ხაზარაძესთან ერთად ჯერ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო, შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებდა.
დავით გამყრელიძე პარტია "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გუშინ წარადგინა.