"ლელოს" კოალიცია ცესკო-ს დადგენილებას ასაჩივრებს. თბილის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცესკო-ს ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრები აღარ ჩატარდება, საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.
კოალიციამ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. მათი ინფორმაციით, პირველი ინსტანცია საკითხს ხვალ განიხილავს.
ცესკო-ში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და განმარტავენ, რომ დადგენილება, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნების დროულ მომზადებას, ყველანაირი წესის მიხედვითაა მიღებული.
"მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვანი პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე იმ უბნებზე სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება, წილისყრის პროცედურები განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. მეორეს მხრივ, მთლიანად ტექნოლოგიურ უბნებზე, წილისყრის პროცედურის არაუგვიანეს მეშვიდე დრეს გამართვა ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნის მომზადებას, რადგან დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და ეს საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს. ვფიქრობთ, რომ მანიპულაციის სივრცე ამ შემთხვევაში არ არსებობს. საუბრო საარჩევნო კომისიის წევრების სახელი, გვარები და მონაცემები ისედაც ცნობილია, აქედან გამომდინარე ამ თვალსაზრისით, წილისყრის პროცესის გადმოტანა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა, არსებითად სივრცეს და გარემოს ვერ შეცვლის", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.