NED-ის საქმიანობა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს პრემიერ მინისტრი დღეს პირველად გამოეხმაურა, თუმცა დოკუმენტის შინაარსზე არ უსაუბრია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ერთადერთი, რასაც, ადგილობრივი არასამთავრობოების დაფინანსების დროს, დონორებისგან ითხოვენ, მაქსიმალური გამჭვირვალობაა.
მწვავე იყო განცხადებებში საპარლამენტო უმრავლესობა. დემოკრატიის ეროვნული ფონდის საქმიანობაზე საუბრის დროს, სახელისუფლებო პარტიაში კონკრეტულ მაგალითებს იხსენებენ, თუ ვინ იღებს საქართველოში NED-ისგან დაფინანსებას და, რეალურად, რას ხმარდება გამოყოფილი თანხა.
ჩინეთის დიპლომატიური უწყების ვრცელ ანგარიშს ოპოზიციურ სპექტრში უნდობლობა გავრცელებისთანავე გამოუცხადეს. ოპოზიციაში არ მალავენ, რომ მიზეზი, რის გამოც დოკუმენტს არ ენდობიან, ჩინეთის ფაქტორია და ოფიციალური პეკინის მიმართ მათი დამოკიდებულება.
მმართველი პარტია ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც ახსენებს, რომ, ჩინეთის გარდა, "დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან" დაკავშირებით, კრიტიკული შეფასებები კეთდებოდა თავად შტატებშიც.
რა ინტერესი აქვს "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს" სხვადასხვა ქვეყნებში - ამ კითხვას ჩინეთის საგარეო უწყებამ ანგარიშში ცალკე თავი მიუძღვნა. "NED-ის ნამდვილი სახე, რომელიც ამერიკელებმა გამოააშკარავეს" - ამ სათაურის ქვეშ მოყვანილია სტატიები, რომელშიც ორგანიზაციის მიმართ მძიმე ბრალდებებზე საუბრობენ.
ჩინეთის დიპლომატიური უწყების ანგარიშში წერია, რომ ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი აცხადებდა, რომ NED-ი გასცემდა "რბილ ფულს" უცხო ქვეყნებში არჩევნების დასაფინანსებლად. რეპორტიორ სტივენ კინზერის განცხადებით კი, NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც ამერიკის ინტერესებს შეესაბამება. ჩინეთის დიპლომატიური უწყების ანგარიშის მიხედვით, 2006 წელს, New York Times-ის სტატიაში დაიწერა ისიც, თუ როგორ დაამხო შტატების მთავრობამ, NED-ის მეშვეობით, ჰაიტის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. ერთ-ერთ ბოლო მასალა, 2021 წელს, New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა მოამზადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან დაკავშირებით, ანგარიში გასულ კვირას გამოაქვეყნა. დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ მათი მიზანია, გააფრთხილონ სხვა ქვეყნები, გაუმკლავდნენ ფონდისგან მომდინარე დივერსიის მცდელობებს.