მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო არასდროს არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელიც დამანგრეველი იქნება - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებდა პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა, რამენაირად საქართველო კვლავ ჩათრეული ყოფილიყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში.
"ომმა და საქართველოს ომში შესაძლო ჩართვის მცდელობებმა კრიტიკულად მძიმე ხასიათი მიიღო და ეს საშიშროება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის უგულებელყოფილი. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო არასდროს არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელიც დამანგრეველი იქნება და საბოლოოდ, შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულსაც კი მოასწავებდეს. ამავდროულად, ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა მთელი ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ახორციელებდა პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა რამენაირად, საქართველო კვლავ ჩათრეული ყოფილიყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში. ასეთ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკური პროცესებს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური სამართლებრივი და სამართლებრივი დასასრული უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანას ჰქონდეს ხანგრძლივი პერიოდით მშვიდობიანი განვითარების საშუალება და ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს და არ იყოს გარედან ნაკარნახევი და გარე ძალებზე დამოკიდებული პოლიტიკური ფიგურების მანიპულაციის ობიექტი,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.