ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდა. განცხადება პარტიის ოფისში "ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა თავად ხატია დეკანოიძემაც, რომელიც ამბობს, რომ პირადი წყენების დრო უნდა დასრულდეს.
დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" გასული წლის მარტში, მწვავე განცხადებების ფონზე დატოვა. ის "ნაციონალურ მოძრაობაში" ბელადომანიასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობდა.
"პირველ რიგში, კონსულტაციები იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობასთან და ყველა იმ ადამიანთან, რომლებსაც მე, დიდი ხანია, ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს გავლილი. დღეს, "ქართულმა ოცნებამ"გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება" მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე ფიქრზე მაღლა უნდა დადგეს და ჩემი მხრიდანაც, იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ძალიან ბუნებრივია და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ახლა ნებისმიერ ეგოცენტრულობა და ნებისმიერი პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.