"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება საქართველოში არეულობის შემცირებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების აუცილებელი პირობაა.
მთავარი ადრესატები მათი გასამართლების პირობის შესრულებას სკეპტიკურად უყურებენ. "ნაციონალური მოძრაობა" თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და "ქართული ოცნების" განცხადებას ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური სისტემა არა "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორებით, არამედ მათი გამარჯვებით გაჯანსაღდება. იმავდროულად, ადასტურებენ, რომ, ოპოზიციაში ყოფნის 12 წლის შემდეგაც, პარტიის იდეოლოგია არ იცვლება.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა დღეს სხვა აქტუალობა შესძინა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, 2008 წლის დანაშაულის მონანიების ნაცვლად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ისევ ომის საფრთხეს უქმნის. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საზოგადოებისგან უმაღლესი ლეგიტიმაციის მიღება, თავის მხრივ, გზავნილი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი გარე ძალებისთვისაც. საბოლოოდ კი, ამით, მმართველ ძალაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ფერადი რევოლუციებისა და ხელოვნური პოლარიზაციის მცდელობები დასრულდება.
"ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიციირებს სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად, არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა მისი სატელიტი, თუ მემკვიდრე პარტია. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა სხვა პარტიებში ეს ოპოზიციაზე თავდასხმად და მუქარად აღიქვეს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა, პირველ რიგში კი მშვიდობის შენარჩუნებაა, რომლისთვისაც, მათივე განმარტებით, ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც ქვეყნის გადარჩენის საკითხი და ორი ალტერნატივა დგას - ომი თუ მშვიდობა.
სახელისუფლებო პარტიის წერილი პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა. ვრცელი განცხადების ბოლოს, "ქართული ოცნება" ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.