საკონსტიტუციო სასამართლოში ერთხელ დამარცხებული სალომე ზურაბიშვილი ისევ საკონსტიტუციოში ჩივის. "ქართული ოცნება", რომელიც პრეზიდენტისთვის მეორე პროცესის მოსაგებად ემზადება, თვლის, რომ ზურაბიშვილმა საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანით ქართული სასამართლო ობიექტურობა აღიარა.
სამართლებრივი პერსპექტივის საკითხი მომდევნო კვირაში უნდა გადაწყდეს. 29, 30 და 31 აგვისტოს დაგეგმილ პროცესებზე გაირკვევა, გადავა თუ არა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა არსებითი განხილვის ეტაპზე. ოპოზიციას, რომელიც პრეზიდენტის სარჩელს მხარს უჭერს, სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ სამართლებრივ დავაში შესვლა გამართლებულია.
განსხვავებულია შეხედულება ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც პრეზიდენტის სარჩელს მხარს არ უჭერს. მაგალითად "გირჩში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი არათანმიმდევრულია. ამასთან, არც ის ფაქტია გასაკვირი, რომ ახლა მმართველი გუნდი პრეზიდენტს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
სარჩელის სამართლებრივ ნაწილში ცალსახა მოლოდინი აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. იქ დარწმუნებით აცხადებენ, რომ კანონი არაკონსტიტუციურად ცნობილი ვერ იქნება. ამასთან, როგორც პრეზიდენტს, ასევე სხვა მოსარჩელეებს მოუწოდებენ, როდესაც სამართლებრივი შედეგი დადგება - ის მიიღონ და აღიარონ.
პრეზიდენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი 15 ივლისს შეიტანა. დასაბუთების ნაწილში ნათქვამია, რომ კანონი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. ეს მუხლი კი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად კონსტიტუციურ ორგანოებს ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. პრეზიდენტის სარჩელს ორ დღეში 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის სარჩელიც დაემატა. თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ.