მანდატების გაუქმება "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების შემდეგ. პარტიების აკრძალვასთან ერთად, დღეს პრემიერმა ოპოზიციის საპარლამენტო მანდატების გაუქმება დააანონსა და თქვა, რომ ეს, პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება.
"არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ პარლამენტის წევრის სტატუსით", - აცხადებს პრემიერი.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა დღეს ყველა ის პარტია დაასახელა, რომელსაც სახელისუფლებო ძალა კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობაში" გულისხმობს და იქვე ისიც თქვა, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს საპარლამენტო მანდატებიც კი გაუუქმდებათ.
რევანშად აღიქვეს "ლელოში" ირაკლი კობახიძის განცხადება. გახარიას პარტიაში კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან "ქართული ოცნების" კავშირზე გააკეთეს აქცენტი.
ხაზარაძის და გახარიას პარტიებთან ერთად "ქართული ოცნება" სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობისთვის" გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ ფორმით მხარდაჭერების მობილიზებას ცდილობს.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, პოლიტიკური სივრციდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩამოშორება არა საარჩევნო ტაქტიკა, არამედ საზოგადოების მოთხოვნაზე რეაგირებაა.
"ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ ისიც განმარტეს, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის რამდენიმე ფორმატი არსებობს, პროკურატურასთან ერთად განიხილება ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაც და ასევე, კონკრეტულ დანაშაულებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიების შექმნაც.