საკუთარი წარმომადგენლები პარლამენტში - რეგიონების შემდეგ, დღეს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თბილისის დელეგატები დაასახელა. მათი ნაწილი ახალი სახეა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, მათ თბილისის სხვადასხვა ოლქის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება აქვთ და ხალხის პრობლემებს კარგად იცნობენ.
დელეგატების წარდგენა დღეს პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაც გახდა. ოპოზიციამ მმართველი გუნდი გააკრიტიკა და მაჟორიტარული სისტემის ირიბად შენარჩუნებით კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. უმრავლესობამ კი ოპონენტების განცხადებებს სპეკულაცია უწოდა. "ოცნება" განმარტავს, რომ 30-ივე დელეგატი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია.
სრულად პროპორციული სისტემის მიუხედავად, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, მოსახლეობის საჭიროებებზე პარლამენტში კონკრეტული რეგიონებიდან 30 დელეგატი იმუშავებს. პრემიერ-მინისტრმა დღეს თბილისის 8 კანდიდატი წარადგინა. დელეგატები ამბობენ, რომ ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია. მათი პასუხისმგებლობა იმ რაიონის მაცხოვრებელთა პრობლემების მოგვარება იქნება, რომელსაც თავად წარმოადგენენ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ მმართველ ძალას აქვს, რადგან მისი თქმით, ვერცერთი სხვა პარტია ვერ შეძლებს დელეგატები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩიოს.
მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის დელეგატების შემოღება არაკონსტიტუციურია და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ნიშნავს, შესაბამისად დელეგატების წარდგენას ოპოზიცია არ აპირებს. არ მალავენ იმასაც, რომ ეს ცვლილება შესაძლოა მათი მარცხისთვის ერთ-ერთი წინაპირობა აღმოჩნდეს.
ოპოზიციის შეფასებები არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს პროფესიონალი კადრების დეფიციტი აქვთ. წარდგენილი დელეგატები კი მათი განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ამ ნიშნით შეარჩია.
26 ოქტომბრის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. მე-11 მოწვევის პარლამენტში კონკრეტული რეგიონების პრობლემების გადაჭრაზე 30 დელეგატი იმუშავებს. მათ შორის რვა დედაქალაქში.