"იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა პროცესებიც მიდის რეგიონში ყველაფერი შესაძლებელია", - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
კახა კალაძე ამ შესაძლებლობას, რომელიც, მისივე თქმით, რთული პროცესია, "ქართული ოცნების" პროგრამატულ პოლიტიკას უკავშირებს.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა ყველა ქართველის განწყობას და ფიქრს, ვისაც, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა უყვარს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ეს არის რთული პროცესი, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა პროცესებიც მიდის რეგიონში, ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები მიმართულია ზუსტად იმისკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება ჩვენც ძმებთან და დებთან - ოსებთან და აფხაზებთან. მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით და დაველოდოთ. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.