"ჯარის ქალაქს" ათასზე მეტი ახალი მობინადრე ეყოლება. ბინები ქართველ სამხედროებში სულადობის პრინციპით ნაწილდება. მასშტაბური ბინათმშენებლობა ქართული ჯარისთვის მახათას მთაზე მიმდინარეობს. ათეულობით კორპუსში სამხედროებმა ბინები უპრეცედენტო პირობებით მიიღეს.
200 დოლარი კვადრატული მეტრი, საიდანაც ოფიცერი მხოლოდ 100 დოლარს იხდის და ისიც უპროცენტო შიდა განვადებით. თავდაცვის სამინისტრო, საცხოვრებელ ფართებს სულადობის პრინციპით გაანაწილებს.
ახალი მობინადრეებისთვის უკვე დაიწყო საცხოვრებელი ფართების გადაფორმება-დამტკიცების ბოლო პროცედურები.
ახალი კორპუსებისთვის თანხები 2025 წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია.
ქართველი ჯარისკაცები ამბობენ, რომ შეიარაღებულ ძალებში მრავალწლიანი მსახურების შემდეგ, "ჯარის ქალაქში" ცხოვრება მათთვის დამატებითი სტიმული იქნება.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანხა მომავალი წლის ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა.
ჯარისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება, 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. საცხოვრებელი ფართები პირველ ეტაპზე 1092 სამხედროს გადაეცა და მათთვის მახათას მთაზე, 39, შვიდ სართულიანი კორპუსი აშენდა.