ანტიკორუფციული ბიურო 8 ოპოზიციურ ძალას ფინანსური დეკლარაციების წარდგენას სთხოვს. პარტიებს ვადა 31 აგვისტომდე აქვთ. უწყების ინფორმაციით, ეს პოლიტიკური ორგანიზაციები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. შეფასებები უკვე გააკეთა დასახელებული პარტიების ნაწილმა, სადაც ამბობენ, რომ მათ ფინანსური დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვთ. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში პრობლემაა და პარტიების ნაწილი ამ თანხებს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით იღებს, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის ანგარიშითაც დაადასტურა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება 27-28 ოქტომბრისთვის და არა 26 ოქტომბრისთვის.
"ოპოზიციური რადიკალური პოლიტიკური პარტიები არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, არამედ ემზადებიან 27-28 ოქტომბრისთვის და ა.შ., რაც პირდაპირ კავშირშია იმ უცხოურ ძალასთან, რომელიც აფინანსებს ამ პოლიტიკურ პარტიებს.
სწორედ ეს არის პირდაპირი ვალდებულება ანტიკორუფციული ბიუროსი, რომ ამხილა NGO სექტორი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებშია თავიდან ბოლომდე ჩართული, თუმცა არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რაც ევალდებულებათ პოლიტიკურ პარტიებს და ამიტომაც დაევალა მას, რომ დღეიდან დეკლარაციები უნდა შეავსოს როგორც პოლიტიკურმა ძალამ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი