პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. პოლიტიკური მარათონი გახსნილია და "ქართული ოცნება"ჯანსაღი პოლიტიკური ამბიციით დაუპირისპირდება კოლექტიურ ომის პარტიას, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეუძლიათ საარჩევნო თემებზე შინაარსიანი დისკუსია წარმართონ, თუმცა, ისინი კითხვებს მხოლოდ დროის გასაყვანად სვამენ.
მეგრელიშვილი ასევე საუბრობს ცესკოს მიერ წარმოებულ მასშტაბურ საარჩევნო კამპანიაზე და ყურადღებას ამახვილებს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობაზე.
"პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა.
პოლიტიკური მარათონი გახსნილია და "ქართული ოცნება"ჯანსაღი პოლიტიკური ამბიციით დაუპირისპირდება კოლექტიურ ომის პარტიას.
ახლა ვუსმენ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას, სადაც, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საარჩევნო საკითხებზე შინაარსიანად იპაექრონ, მაგრამ არა, მათი მხრიდან ჯერ ჯერობით კითხვები მხოლოდ კითხვებისათვის ისმევა.
და სანამ დროის გასაყვანად მისულ ოპოზიციურ ძალას ცესკოს სხდომათა დარბაზი ეთმობა, მე ყურადღებას საარჩევნოდ ცესკოს სათანადო მზაობაზე გავამახვილებ.
საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობისა და ფუნქციონირების ისტორიაში პირველად ცესკომ სამი საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდო მოიპოვა.
მთავარი წლის ჯილდო - „წლის საარჩევნო ადმინისტრაციის" წოდებაა. ცესკო გამორჩეულ იქნა სხვადასხვა ათეულ ადმინისტრაციას შორის, იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ , როგორიც „საერთაშორისო საპარლამენტო სწავლებების ცენტრია“.
არჩევნების მოდერნიზების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციამ 2018 წლიდან დღემდე ტექნოლოგიების გამოყენებით 8 პილოტი ჩაატარა, იმისათვის რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს, დღეს ცესკოს დაგროვილი გამოცდილებით ამის მაღალი ამბიცია აქვს.
ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ (ცესკომ) საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო და ცესკოს მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნო და ნახა თუ როგორ მუშაობს საარჩევნო აპარატები და დარწმუნდა, რომ ამ პროცესისადმი ნდობა ლეგიტიმურია.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელ საარჩევნო პროცესს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა ხელისუფლების მხრიდან.
ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ელექტრონული ფორმით ხმის მიცემისას დაცული იქნება საარჩევნო უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული გარანტიები, ისევე როგორც ეს ტრადიციული მეთოდით ხმის მიცემისას იყო გარანტირებული და დაცული იქნება მისი ყველა უფლება.
არაერთი ქვეყნის გამოცდილებით დასტურდება, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება გამორიცხავს - მრავალჯერადი ხმის მიცემის პრაქტიკას,ბიულეტენების ჩაყრის შესაძლებლობას,წინასწარი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებას, ადამიანურ შეცდომებსა და მანიპულაციებს რეგისტრაციისას, "კარუსელებს" და სხვა მანკიერ პრაქტიკას რომელსაც ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჰქონდა.
ახალი ტექნოლოგიები არის ახალი სიტყვა ქართულ საარჩევნო მოდელში, ეს არის თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისა და საარჩევნო პროცესში ყველა რისკის გადაზღვევის პოლიტიკური მეთოდი რომელიც 2024 წლის არჩევნებს კიდევ უფრო მაღალ საარჩევნო კულტურის სტანდარტზე აიყვანს." - წერს თამთა მეგრელიშვილი.