06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
რომში, ტრევის შადრევნის დასათვალიერებლად, ტურისტებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპირებენ

რომში, ქალაქის საბჭოს წარმომადგენლები ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ძეგლის - ტრევის შადრევნის დასათვალიერებლად, ტურისტებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპირებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის დედაქალაქი ემზადება 2025 წლის იუბილესთვის - რომაული კათოლიკური ღონისძიებისთვის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და, სავარაუდოდ, 32 მილიონ ტურისტსა და მომლოცველს მოიზიდავს. შეზღუდვის დაწესება სწორედ ამ დღესასწაულს უკავშირდება.

შეზღუდვის პროექტის მიხედვით, შადრევნის მონახულება, ფიქსირებული დროით, წინასწარი ჯავშნის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ამასთან, შადრევნის ირგვლივ მდებარე საფეხურებზე ხალხის შეზღუდული რაოდენობა იქნება დაშვებული.

ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, იტალიელებისთვის შადრევნის დათვალიერება უფასო იქნება, ხოლო ტურისტებს სიმბოლური თანხის - 1 ან 2 ევროს გადახდა მოუწევთ.

რომის მერის, რობერტო გუალტიერის განმარტებით, ტურისტების სიმრავლის გამო, ტრევის შადრევანთან ვითარება ტექნიკურად ძალიან რთული სამართავი ხდება.

დღის ამბები