19 სექტემბერი 2024,   14:48
ვრცლად
საქართველო თავის ფუნდამენტურ მიზანს - ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას - კვლავ აქტუალურს ხდის და აქტუალურს ხდის ერთადერთი, მშვიდობიანი გზით - ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკური ურთიერთდაპირისპირება არ წყდება ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გამოთქმულ გზავნილებზე. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მათი მთავარი მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებაა. "ქართულ ოცნებას" შერიგების ფორმულას იწუნებენ ოპოზიციური პარტიები.

გუშინდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ აფხაზი და ოსი თანამემამულეების რეინტეგრაციის უალტერნატივო გზაზე ისაუბრა. პრემიერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ომის დაწყების ტვირთი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდება, რაც იმდროინდელმა მთავრობამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით თავად დაადასტურა.

კობახიძემ ისიც განმარტა, რომ შერიგება და მონანიება ომის დამნაშავეებს არ ეხება, რაც ხელისუფლებამ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში მიღწეული შედეგებითაც დაამტკიცა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "ბოდიში სხვა რამეზეა მოსახდელი".

"თუ ბოდიშის მოხდა გინდათ, ჩემი აზრით, წესიერად უნდა მოიხადო და, ჩემი აზრით, სხვა რამეზე - იმაზე, თუ 90-იან წლებში როგორ ვექცეოდით ჩვენს თანამოქალაქეებს. მე ვერ გავიგე, 2008 წელთან დაკავშირებით, კარგად ვერ გავიგე, ვისთან რა გვაქვს საბოდიშო, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიძლება საბოდიშო ჰქონდეს ქართველებთან, რომ წამოიწყო ან მონაწილეობა მიიღო რაღაცაში, რაც წარმატებით ვერ დაასრულა, როგორც მთავარსარდალმა,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველო თავის ფუნდამენტურ მიზანს - ქვეყნის გაერთიანებას - აქტუალურს ხდის.

"საქართველო თავის ფუნდამენტურ მიზანს - ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას - კვლავ აქტუალურს ხდის და აქტუალურს ხდის ერთადერთი, მშვიდობიანი გზით. ეს პროცესი ნიშნავს ომის პარტიის დამარცხებას,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები