19 სექტემბერი 2024,   23:15
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ეს ახალგაზრდა, ფრიდონ ბუბუტეიშვილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მავნებლური პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა - ბექა ოდიშარია

"გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საუბარია ბუბუტეიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ის გიორგი ვაშაძეს დაკვეთის მიცემაში ადანაშაულებს.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილი აღმოჩნდა კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მავნებლური პროპაგანდის მსხვერპლი.

"სამწუხაროა, რომ ეს ახალგაზრდა, ფრიდონ ბუბუტეიშვილი აღმოჩნდა კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მავნებლური პროპაგანდის მსხვერპლი. ეს იყო ხელისკვრა ადამიანისთვის და მისი შეგულიანება და, სინამდვილეში, მიტოვება და ღალატი. ახალგაზრდები, ალბათ სრულად თუ არა, დიდი ნაწილი, კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის მოქმედებენ და ახალგაზრდებს, უბრალოდ, იყენებენ საზარბაზნე ხორცად. ამ შემთხვევაში, მადლობა ღმერთს, რომ ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიცია ან სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელიც ხშირად რჩებიან ამ ახალგაზრდების პირისპირ და მათ ეპყრობიან მაქსიმალურად ლმობიერად," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

ცნობისთვის, "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი გიორგი ვაშაძეს დაკვეთის მიცემაში ადანაშაულებს. ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება მეხანძრე მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაში, სასამართლოზე თქვა, რომ ვაშაძის დავალებით მოქმედებდა.

"ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და, თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ," – განაცხადა პროცესზე პირმა, რომელიც, 5 თვეა, დაკავებულია.

 

დღის ამბები