19 სექტემბერი 2024,   23:21
ვრცლად
"ცრუპენტელობენ, როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ მოლაპარაკებებს თანამდებობის საკითხზე არ აწარმოებენ - ალბათ წალენჯიხის გასაბერი აუზის დაფუშვისა და დასაწყობების საქმესთან დაკავშირებით მსჯელობენ" - ბექა ოდიშარია გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე

ხაზარაძე სთავაზობს გახარიას სრულიად დამამცირებელ გაერთიანებას - ასე ეხმაურება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია "ძლიერი საქართველოსა" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" შესაძლო გაერთიანებას.

ოდიშარიას შეფასებით, ხაზარაძე-გახარია პოზიციებს ვერ იყოფენ.

"როგორ ცრუპენტელობენ, წვრილმანობენ, როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ, თურმე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ არა თანამდებობისა და სიების ირგვლივ, არამედ, ალბათ,
წალენჯიხის გასაბერი აუზის დაფუშვისა და დასაწყობების საქმესთან დაკავშირებით. სხვა ვერსია მე არ მაქვს. ეს ადამიანები ახლა ვერ იყოფენ პოზიციებს, ახლა აქვს საუბარი იმაზე, რომ ხაზარაძე სთავაზობს გახარიას სრულიად დამამცირებელ გაერთიანებას - პარიტეტს. პარიტეტი, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ პარტია "ლელოსთან" პარიტეტს გულისხმობს? გულისხმობს "ლელოს" მიერ შემოერთებულ მცირე-მცირე ანასხლეტებთან გაიგივებას გახარიასი. ალბათ, ეს გახარიას არ ეპიტნავება და წვალობენ," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღეს, ორბელიანების სასახლეში, ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა შედგეს. კონსულტაციები პრეზიდენტთან დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გუშინ, გვიან ღამით, ისევ კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

 

დღის ამბები