23 სექტემბერი 2024,   10:23
ვრცლად
გაეროს გენერალური ასამბლეა არის უმაღლესი ტრიბუნა, სადაც შეგვიძლია მთელს მსოფლიოს მივაწვდინოთ ხმა საქართველოს ინტერესების შესახებ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-შია. ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ასევე „მომავლის სამიტში", რომელიც გერმანიის კანცლერისა და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით იმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

საქართველოს პრემიერის ვიზიტს აფასებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ გაეროს მაღალი ტრიბუნა, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო პლატფორმები, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის ქვეყნის ინტერესების შესახებ მსოფლიომ გაიგოს.

"ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმი საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაეროს გენერალური ასამბლეა არის უმაღლესი ტრიბუნა, სადაც შეგვიძლია მთელს მსოფლიოს მივაწვდინოთ ხმა საქართველოს ინტერესების შესახებ. ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, გამოიყენებს საქართველოს პრემიერი. ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი შეხვედრებისთვის,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები