24 სექტემბერი 2024,   12:27
ვრცლად
აფრიკაში გამოირიყა ნავი, რომელშიც ხრწნამდე მისული 30 ცხედარი იპოვეს

აფრიკაში, სენეგალში, ატლანტის ოკეანემ გამორიყა ნავი, რომელშიც, სულ მცირე, 30 ცხედარი ნახეს. ნავი მეთევზეებმა იპოვეს. როგორც BBC წერს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

იმის გათვალისწინებით, რომ ცხედრები უკვე იხრწნება, ვარაუდობენ, რომ ნავი ოკეანეში მრავალი დღის განმავლობაში იყო.

ბოლო კვირების განმავლობაში, ქვეყნის არალეგალურად, ნავებით დატოვების მცდელობისას, სენეგალის ხელისუფლებამ ასობით ადამიანი დააკავა. ადგილობრივმა მთავრობამ, არალეგალი მიგრანტების სიკვდილიანობის ზრდის ფონზე, უკანონო მიგრაციის დასაძლევად, აგვისტოში, 10-წლიანი გეგმა გამოაცხადა.

ხშირი ტრაგედიების მიუხედავად, უმუშევრობის, კონფლიქტისა და სიღარიბის გამო, დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები მრავალი ახალგაზრდა ცდილობს, ნავით, ესპანეთამდე, კანარის კუნძულებამდე მიაღწიოს. არსებობს კიდევ ერთი მარშრუტი - ჯერ საჰარა, შემდეგ - ხმელთაშუა ზღვა. ევროპული სასაზღვრო სააგენტოს, Frontex-ის ინფორმაციით, 2023 წელს, ატლანტის ოკეანის მარშრუტით სარგებლობის შემთხვევები, წინა წელთან შედარებით, 161%-ით გაიზარდა.

დღის ამბები