24 სექტემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ამერიკელმა პარტნიორებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ ქართველი ხალხის გვერდით არიან - სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" აცდენილია ქართველი ხალხის ხმას, რაც გამოსასწორებელია - ლანა გალდავა

"ქართველი ხალხის აქტის" საბოლოო განხილვას აფასებენ პოლიტიკოსები - ოპოზიციის შეფასებით, ამერიკა ყოველთვის იყო და არის საქართველოსთვის სტრატეგიულად მხარდამჭერი ქვეყანა ბევრი მიმართულებით, თუმცა მმართველი პარტიის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" არ გამოხატავს ქართველი ხალხის ხმას.

"ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც, ათწლეულების განმავლობაში, დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის გარანტია. მათ არაერთგზის განაცხადეს, რომ არიან ქართველი ხალხის გვერდით. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" აცდენილია ქართველი ხალხის ხმას და ეს არის გამოსასწორებელი," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი, კოალიციის "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი წარმომადგენელი ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, "ქართველი ხალხის აქტის" საბოლოო განხილვა, პრემიერის გაეროში სიტყვით გამოსვლის პარალელურად, 25 სექტემბერს, სენატში გაიმართება.

ცნობისთვის, "ქართველი ხალხის აქტი" არის ორპარტიული წინადადება, რომელიც დააინიცირეს მაისში, საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამტკიცების საპასუხოდ. ინიციატივა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

დღის ამბები