24 სექტემბერი 2024,   14:25
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს - ილია დარჩიაშვილი

პრემიერი შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა.

ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართავს. ის ასევე დაესწრება შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით დაგეგმილ ოფიციალურ მიღებას.

მთავრობის მეთაურმა უკვე მიიღო მონაწილეობა "მომავლის სამიტში", რომელიც გერმანიის კანცლერისა და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით გაიმართა.

"გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს, რომ გაერო არის ძლიერი მხარდამჭერი საქართველოსი, იმ გამოწვევების მიმართულებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში - ტერიტორიული მთლიანობა და მიმდინარე ოკუპაცია. გაერო არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. იცით, რომ გაერო ასევე მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებშიც და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა როგორც გენერალური მდივნის, ისე - გაეროსი და, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მოვისმინეთ ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ზოგადად, გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს იმ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს და მისი მხრიდანაც ყოველთვის არის გამოხატული მისი მხარდაჭერა ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსის,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები