ამერიკის საელჩოს განცხადება და სოციალურ ქსელში გავრცელებული ქარდები დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია საკითხზე, რომელიც ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილებას ეხება.
პასუხად, მმართველ გუნდში საელჩოს შეახსენეს, რომ სწორედ ISFED -ის მონაცემების გამო დაიწყო ქვეყანაში არეულობა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათივე თქმით, შეცდომა "ქართულმა ოცნებამ" აღმოაჩინა, პარტნიორები კი დუმდნენ.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ "სამართლიან არჩევნებს" პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით ხელი დააფარა.
"ამერიკის საელჩოს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 2020-ის არჩევნებზე 1.8%-იანი კი არა 8%-იანი გაყალბება ჰქონდა ISFED-ს, რომელიც დამალეს USAID-ში და ამერიკის საელჩოში, რის გამოც კინაღამ რევოლუცია მოუწყვეს საქართველოს, მათ შორის, ამ ე.წ 8%-იანი ISFED -ის გაყალბებით. ორი თვის განმავლობაში, საზოგადოება ამყოფეს სიცრუეში.
როდესაც ISFED -ს მოუწია საჯაროდ აღიარება, რომ მან გააყალბა არჩევნები და ცესკოს არჩევნები იყო სწორი, ამის შემდგომ არა თუ ბოდიში არ მოუხდია არავის, პირიქით რამდენიმე თვეში ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ISFED-ი სანდოობით სავსე ორგანიზაცია არისო. გამოდის, რომ ხელი დააფარა.
ის ადამიანი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, ISFED -ში, წაიყვანეს და უცხოეთში დააწინაურეს. რა ბანერიც არ უნდა გამოუშვან ამერიკის საელჩოში, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რომ ცესკოს შედეგები იყო სწორი, ხოლო ამერიკიდან და USAID-დან დაფინანსებული "სამართლიანი არჩევნების" შედეგები იყო გაყალბებული", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში ქარდი გამოაქვეყნა და შეკითხვა დასვა, რატომ აყენებს "ქართული ოცნება" ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8 პროცენტის გამო.
"ქართული ოცნების" მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED -ის მონაცემებით, არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა" - წერს საელჩო.