კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო -დღეს საკითხზე განათლების კომიტეტზე იმსჯელეს. პროექტით, 2025 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ხარჯვითი ნაწილი 31 მილიარდ 200 მილიონია, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე მეტია.
პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.5%-ით არის დაგეგმილი. მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებით, ბიუჯეტის პარამეტრები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიურად სწორი მიმართულებით ვითარდება და ის მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული.
"არის 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, მათ შორის საბაზისო წლევანდელი წელი არის 8.2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ეს არის 8 თვის მონაცემებზე დაყრდნობით. ჩვენ მომდევნო 2 თვის განმავლობაში კიდევ გვექნება რესურსების გადახედვის საშუალება. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა და დარწმუნებული ვარ შენარჩუნდება, ჩვენ წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ რესურსები კიდევ გაიზარდოს და დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის ბოლო ვარიანტში, რომელიც უკვე უნდა დამტკიცდეს, ეს იქნება დეკემბერში, იქ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.