09 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
"დარწმუნებული ვიყავი, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან "გამჭვირვალობის კანონი" სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან - სასამართლო პროცესზე ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს" - ლევან მაჭავარიანი

საკონსტიტუციო სასამართლომ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედება არ შეაჩერა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე მხარე ითხოვდა სადავო კანონის აღსრულება შეეწყვიტათ, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების ნაწილი. მოსარჩელე მხარეა პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია. მათ მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული კანონი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არის არაკონსტიტუციური - მოპასუხე მხარე სასამართლოში საპარლამენტო უმრავლესობა იქნება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონს არანაირი ის საფრთხე არ მოუტანია, რასაც ტირაჟირებდნენ:

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ [კანონი] სრულ თანხვედრაშია ჩვენს კონსტიტუციასთან. სასამართლო პროცესი, რომელიც ვიხილეთ, სრულიად სამარცხვინო იყო, ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, მეორე დღესვე დაგვხურავენო, ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ის, რომ ჩელიაბინსკში უნდა გაგვეღვიძა, გავიდა 5 თუ 6 თვე და ყველამ გავიღვიძეთ ისევ საქართველოში. აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ მოუტანია ამ კანონს, რასაც ტირაჟირებდნენ რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების წარმომადგენლები,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

 

დღის ამბები