12 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა უნდა იყოს გამოძიებული კანონის ფარგლებში - თეონა აქუბარდია

საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია, მეორე დღეა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია.

ვინ გეგმავდა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის გივი თარგამაძის მკვლელობას - მსჯავრდებულ ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ 8 წლის წინ, დარჩო ხეჩუაშვილს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც უკრაინაში მაღალი თანამდებობის სანაცვლოდ, გივი თარგამაძის თვალთვალი სთხოვა, თავის მხრივ, ჭიჭიაშვილმა ეს დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, რომელსაც 2016 წლის აგვისტოში უკრაინაში შეხვდა.

სახელისუფლებო პარტიას პროკურატურის მიერ გასაჯაროებულმა ინფორმაციამ, დარჩო ხეჩუაშვილის ქვეყანაში დაბრუნების მოტივებზე დამატებითი ეჭვები გაუჩინა. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული სკანდალური ჩვენების არ სჯერათ.

პლატფორის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ უახლოესი ორი კვირის მანძილზებევრი რეალობასთან აცდენილი განცხადება გაჟღერდება.

"ყველაფერი ეს უკავშირდება "ქართული ოცნების" მანიპულაციის მცდელობას, დარჩენილი ორი კვირის მანძილზე უამრავ რეალობასთან აცდენილ, ტყუილ, გამოგონილ განცხადებებს ვნახავთ და მოდით ამას სერიოზულად ნუ მოვეკიდებით,"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდის თქმით კი, თარგამაძის საქმეს პოლიტიზირების სუნი ასდის. 

"წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიზაციის სუნი ასდის ამ ყველაფერს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ტერორისტული თავდაახმის მცდელობა უნდა იყოს გამოძიებული კანონის ფარგლებში, პოლიტიზაციის გარეშე," - აცხადებს აქუბარდია. 

დღის ამბები