12 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
"არ გამოვრიცხავთ ისეთ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი, რომელიც დაიგეგმა 2016 წელს, როცა არჩევნებამდე 3 დღით ადრე სცადეს გივი თარგამაძის მკვლელობა, რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული ისტერიკა" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ პროვოკაციასაც კი, ასეთ დანაშაულსაც კი, იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული ისტერიკა", - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმის და დარჩო ხეჩუაშვილის შესახებ საუბრობს, რომელიც 3 კვირის წინ, საქართველოში უკანონოდ შემოსვლის მცდელობისას დააკავეს. 

პრემიერი არ გამორიცხავს, რომ დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში არეულობის შემოტანის მიზნით დაბრუნებულყო. 

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ ისეთ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი, რომელიც დაიგეგმა 2016 წელს. 2016 წლის არჩევნებამდე სამი დღით ადრე სცადეს გივი თარგამაძის მკვლელობა, ააფეთქეს მისი ავტომობილი. საბედნიეროდ, ეს დანაშაული დასრულდა მსხვერპლის გარეშე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ პროვოკაციასაც კი, ასეთ დანაშაულსაც კი, იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული ისტერიკა. მათ აქვთ ზუსტი მონაცემები, აქვთ მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ორ პარტიას აქვს რეალური პერსპექტივა გადალახოს საარჩევნო ბარიერი და მათი შედეგიც არის 20%-ზე ოდნავ მეტი. აქეთ არის 60%, იქით არის დაახლოებით 20%. ამ პირობებში, საკონსტიტუციო უმრავლესობაც არის აბსოლუტურად რეალური "ქართული ოცნებისთვის". შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი ისტერიკა არის ახლა კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიულ ოფისებში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავითარი ტიპის პროვოკაციას და დანაშაულს ვერ გამოვრიცხავთ, ისეთ უმძიმეს დანაშაულსაც კი, როგორიც იქნა ჩადენილი 2016 წელს არჩევნებამდე სამი დღით ადრე.

სხვათა შორის, მსგავსი ტიპის ბრიფინგი მე ჩავატარე დაახლოებით ერთი თვის წინ და მაშინ ერთ-ერთი მაგალითი რაც გავიხსენე, იყო სწორედ თარგამაძის მკვლელობის მცდელობა და საინტერესო და უცნაურია, რომ აქედან ცოტა ხანში, ე.წ. მწვანე საზღვრის გადმოკვეთას ცდილობს ის ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული ამ საქმეში. თქვენ თვითონაც გაანალიზეთ, 18 წელი გემუქრება ქვეყანაში, ასეთ რისკზე მიდიხარ და შემოდიხარ მწვანე საზღვარზე. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი რამ შეიძლება მოხდეს, რომ ხარ შანტაჟის ქვეშ და გაქვს მორიგი დავალება მიღებული. ამას სჭირდება დამტკიცება გამოძიების საფუძველზე, მაგრამ ეს ლოგიკური დასკვნები არის ძალიან სამართლიანი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები