21 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
50/50-ზე - მოლდოვაში რეფერენდუმის წინასწარი შედეგები, რომელიც მოსახლეობის ევროკავშირში გაწევრიანების ნებას ასახავს, გათანაბრდა

50/50-ზე - მოლდოვაში რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გათანაბრდა.

"ემხრობით თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" - ასეთი იყო კითხვა, რომელზეც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს საკუთარი აზრი უნდა გამოეხატა. ამჟამად დათვლილია ბიულეტენების 98%-ზე მეტი. ცოტა ხნის წინ არსებული მონაცემებით, ევროკავშირის მოწინააღმდეგეები ლიდერობდნენ, თუმცა ამჟამად მაჩვენებლები გათანაბრებულია.

დასავლური მედია წერს, რომ რეფერენდუმამდე ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების მომხრეთა რაოდენობა მოწინააღმდეგეებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. შესაბამისად, არსებული შედეგები საზოგადოებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. საერთაშორისო პრესა ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ვარიანტში, რეფერენდუმის შედეგებზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირთან მოლდოვას დაახლოება და წერენ, რომ პროცესი გაგრძელდება.

რეფერენდუმთან ერთად მოლდოვაში პრეზიდენტი აირჩიეს. წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 42%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოია-ნოგლოა, რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური "სოციალისტების" პარტია უჭერს. იმის გამო რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ს ვერ გადააჭარბა, ოპონენტები ერთმანეთს 3 ნოემბერს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაია სანდუმ მოლდოვაში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმის შესახებ გააკეთა განცხადება და მომხდარში "დანაშაულებრივი დაჯგუფებები და უცხოური ძალები" დაადანაშაულა. თუმცა პრეზიდენტმა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

დღის ამბები