23 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
"გერმანია, მალტა, ავსტრია, სლოვაკეთი, ისრაელი, ირლანდია, კანადა და ა.შ. უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნიან. რომელიმე ამ ქვეყანაზე ვიტყვით, რომ ის არადემოკრატიულია?" - გიორგი კალანდარიშვილი

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირდებით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. როგორც კალანდარიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მოქალაქეების განცხადების საფუძველზე საარჩევნო უბნების შექმნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვსაუბრობდით და ვთხოვდით ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანდნენ ჩვენს თანამემამულეებს შეცდომაში და ნუ შეუქმნიდნენ მოლოდინს იმის თაობაზე, რომ თითქოს რაიმე შესაძლებლობა არსებობს და ამ შესაძლებლობას ინსტიტუცია არ აკეთებს; როგორც, მაგალითად, 50 პირის ხელმოწერა შემოდიოდა დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც დამატებითი უბნების შექმნას და, მითუმეტეს, ასე ცალკე, ამომრჩეველთა განცხადების საფუძველზე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ არათუ საარჩევნო კანონმდებლობა ამას ამდაგვარად აწესრიგებს და არათუ დღეს, ასეა მრავალი წელია, სხვადასხვა ხელისუფლების დროს და, ასევე, ეს ყველაფერი კანონმდებლის მოწესრიგების საკითხია და საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს, ასევე, ის სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. ჩართულ მხარეებს უყვარს ევროპული მაგალითებით საუბარი და ევროპული მაგალითი საუბრობს ორ რამეზე: თუ უცხოეთში იქმნება საარჩევნო უბანი, ის იქმნება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. ამას აქვს შესაბამისი მიზეზი ისევე, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში; და მეორე - ევროპული პრაქტიკა საუბრობს იმაზეც რომ, მაგალითად, გერმანია, მალტა, ავსტრია, სლოვაკეთი, ისრაელი, ირლანდია, კანადა და ა.შ. უცხოეთში საარჩევნო უბნებს საერთოდ არ ქმნიან. შესაბამისად, რომელიმე ამ ქვეყანაზე ვიტყვით, რომ ის არადემოკრატიულია? ეს არის პოლიტიკური შეთანხმების, პოლიტიკური მოწესრიგების საკითხი," - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები