26 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
"დღეს არის ზუსტად ის დღე, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოში მომავალი ათწლეულების განმავლობაში" - ხატია დეკანოიძე

ხმის მიცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს ქუთაისში. იმერეთში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. უფრო ზუსტად, 515 944 მოქალაქე. რაც შეეხება უბნებს, რეგიონში სულ 483 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს.

საკუთარი პოზიცია რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ. მან ხმა ქუთაისის 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა და, ხმის მიცემის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ძალიან იშვიათად გაქვს ჩვენ მსგავსი დღეები, როდესაც წყდება საქართველოს მომავალი და დღეს არის ზუსტად ის დღე, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოში მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. საქართველოს მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანისთვის, მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ქუთაისში რეგისტრირებულია 152 500 ამომრჩეველი, გახსნილია 72 საარჩევნო უბანი, მათგან ერთი გახსნილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

 

დღის ამბები