27 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
“ჩვენ ვიქნებით ძალა, რომელიც მოემსახურება ხალხს, გვაქვს ამბიციური გეგმები, გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები“ - დავით კოდუა

თბილისთან ერთად, “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია რეგიონებში. მათ შორის არის ზუგდიდიც. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აქ მმართველმა პარტიამ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარზე მეტის ხმა მიიღო.

“ქართული ოცნების“ პარლამენტის საარჩევნო სიაში ზუგდიდის დელეგატი, დავით კოდუა ამომრჩევლებს მადლობას უხდის.

“მთელი საქართველო და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქი გვერდში დაუდგა ჩვენს გუნდს და გუშინდელი დღე იყო იმის გამოხატულება, თუ რა სწორი შეფასებები და სწორი არჩევანი გააკეთა ხალხმა. ჩვენ ვიქნებით ძალა, რომელიც მოემსახურება ხალხს, გვაქვს ამბიციური გეგმები, გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები ახალგაზრდების მიმართულებით დაგეგმილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კომფორტულად იგრძნოს თავი.

ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე იყო აღსანიშნავი იმ კუთხითაც, რომ იმ ძალამ, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ხელისუფლებას, რამდენიმე უბანზე სცადა არეულობის შემოტანა, მაგრამ ვერ შეძლეს იმის გამო, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო საარჩევნო პროცესი,“ - აცხადებს დავით კოდუა.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ამბობ, რომ საჩივრების რაოდენობა ოლქში არის 21, ძირითადად ისეთი ტიპის საჩივრებია, რომლებიც კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს.

“ზუგდიდის ოლქში, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენდა 116 ათას 526 ამომრჩეველს. 20:00 საათის აქტივობით, ჩვენი მონაცემები არის 55 ათას 98 ამომრჩეველი. ყველა საარჩევნო უბნიდან ოქმი შემოსულია და ატვირთულია ცესკოს გვერდზე. საჩივრების რაოდენობა ოლქში არის 21, ძირითადად ისეთი ტიპის საჩივრებია, რომლებიც კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს,“ - აცხადებს მირანდა მესხი.

დღის ამბები