31 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
"რადიკალური ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს" - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, იქნება თუ არა პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი, ამით არაფერი არ შეიცვლება.

როგორც იონათამიშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთარ ამომრჩევლებს კიდევე ერთხელ გადააგდებენ.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ შანტაჟის ენით სახელმწიფოსთან საუბარი რაიმე სიკეთეს მოუტანს, ძალიან ცდება. რადიკალური ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თითქოს, იყვნენ ამ ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ რით გამოირჩეოდნენ და რა გააკეთეს? ოფიციალურად, პარლამენტის წევრებად იყვნენ გაფორმებულები - რაიმე დებატებში მიიღეს მონაწილეობა, საკითხების განხილვის დროს ჰქონდათ საკუთარი აზრი და ინიციატივები, საპარლამენტო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი? კოვიდი იყო, ჯანდაცვის მინისტრი იყო მოსული და დარბაზში ვერცერთი ოპოზიციური სპექტრი ვერ ვნახეთ. შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციაზე დაიბარეს, იმ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და არ დაესწრნენ. აქედანაც ჩანს, რომ ისინი იქნებიან თუ არა, ამით არაფერი შეიცვალა. უბრალოდ, ერთი ის გავიგეთ, რომ რეალურად პუფები აღმოჩნდნენ. პუფები შემოვლენ თუ არა პარლამენტში დემოკრატიულ პრინციპზე რამენაირად აისახება?! რა თქმა უნდა, არა.

ჩვენთვის მთავარი არის, რომ გავაძლიეროთ საქართველოს პარლამენტი, მათ შორის, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები. ის პრინციპები, რაც დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის არის აუცილებელი და ეს ასეც იქნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე.

ერთადერთი რამ იქნება, თუ ისინი არ შემოვლენ საქართველოს პარლამენტში - კიდევ ერთხელ გადააგდებენ საკუთარ ამომრჩეველს. ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ნამდვილად ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის არის, კარგად დაფიქრდნენ იმსახურებს თუ არა ასეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დეზინფორმაციაზე და ტყუილზე აგებს საკუთარ საქმიანობას, არა თუ საქართველოს პარლამენტში იყოს, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკაში იყოს თუ არა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები