08 დეკემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ოპოზიციის სქემა, რომელიც არჩევნებზე ამოქმედდა - მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ იმ 4 ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ორმა მანდატები სხვისი ამომრჩევლის ხარჯზე მოიპოვა

სახელისუფლებო პარტია ოპოზიციის სტრატეგიაზე საუბრობს, რომელიც, მათი ინფორმაციით, არჩევნებამდე გაფორმდა, 26 ოქტომბერს კი სრულად ამოქმედდა. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ არჩევნების დღეს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ აქტივს ხმა გიორგი გახარიას პარტიისთვის და "ლელოს" კოალიციისთვის მიაცემინა, ამის მიზეზი კი მმართველი ძალის თქმით, ბარიერის გადალახვის პრობლემა იყო.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტზე კონკრეტულად საუბარი არ ისურვეს. თქვეს მხოლოდ ის, რომ საკითხი არასერიოზულია და სტრატეგია, რაზეც მმართველი გუნდი ყურადღებას ამახვილებს, მათთვის უცნობია.

”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არჩევნებში დახმარებას უარყოფენ ”ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდშიც. ორივე პარტიაში ამტკიცებენ, რომ სქემას არ იცნობენ და ყველა ხმა 26 ოქტომბერს დამოუკიდებლად მოიპოვეს.

ოპოზიციის სქემასთან დაკავშირებით, დღეს, დეტალურად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების დღეს, ამომრჩეველს, რომელიც მათ ოფისში იმყოფებოდა გახარიას და ხაზარაძის პარტიისთვის მხარდაჭერა დღის მეორე ნახევარში სთხოვა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ფაქტს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - საზოგადოებას ეფიქრა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მრავალფეროვნება იყო.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა, ისინი ცესკოს მონაცემებს არ ენდობიან და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობენ.

დღის ამბები