ვინ უპასუხებს ამჯერად გამოძიების შეკითხვებს არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე? პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
ოპოზიციის ნაწილი გამოკითხვას სრულ უნდობლობას უცხადებს და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ნაწილი კი პროკურატურისთვის ინფორმაციის მიწოდებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თანხმდება.
უკვე გამოკითხულთა შორის არიან მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე, ნათია მეზვრიშვილი, ლონდა თოლორაია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთ გამოკითხულს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია.
კოალიცია "ძლიერი საქართველო" წევრის ლანა გალდავას განცხადებით, პროკურატურის მიმართ სრული უნდობლობა აქვს.
"მოვითხოვეთ მისვლა მაგისტრატ მოსამართლესთან, იმიტომ, რომ პროკურატურის მიმართ გვაქვს უნდობლობა. მოვითხოვთ, საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. რაც შეეხება პროკურატურას, მათ აქვთ ვალდებულება დაიწყონ გამოძიება იმ პირთა მიმართ, რომლებიც "ქართული ოცნების" მხრიდან არიან ჩართულნი გაყალბების სქემებში. ე.წ. თავიანთი სიმართლე, რეალურად არის დიდი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა ლანა გალდავამ.
კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობის" წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროკურატურა გამოძიების ნაცვლად, მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს.
"პროკურატურას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გაანადგუროს დანაშაულის მტკიცებულებები, იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, ადრე თუ გვიან საერთაშორისო გამოძიება ჩატარდება. საჯაროდაც წარდგენილია ეს მტკიცებულებები - ფარულობა რომ დარღვეულია ეს უკვე უტყუარად დადასტურებულია. თუ არაფერი აქვთ დასამალი რატომ ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო მიუკერძოებელ გამოძიებას?!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.