ენტონი ბლინკენი ბრიუსელშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარებაა. შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენმა მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობას მტკიცე რეაგირება მოჰყვება.
რუტეს და ბლინკენის საუბრის თემა იყო ევროპის უშიშროების არქიტექტურაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხის კონტექსტში. მარკ რუტეს გარდა, ენტონი ბლინკენი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და მის შემცვლელს კაია კალასს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შეხვდება.
"ამ ვიზიტის მიზანი ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირებაა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ფული, შეიარაღება და და მობილიზებული ძალები, რათა 2025-ში ეფექტურად იბრძოლოს. ან იმისთვის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დააინიციროს ძლიერი პოზიციიდან. ეს კრიტიკული მომენტია. ჩვენ დღეს ძალიან პროდუქტიული დისკუსია გვქონდა რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინისადმი ჩვენი არსებული მხარდაჭერის შესახებ. ასევე სამხედრო მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეის ძალების ფაქტობრივი მონაწილეობის შესახებ, რაც საჭიროებს და მიიღებს მტკიცე რეაგირებას. პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს სრულად გამოიყენოს თითოეული დღე, რომ გააგრძელოს იმის კეთება, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდა, ეს მოიაზრებს ალიანსის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. გავაგრძელებთ ყველაფრის გაძლიერებას, რასაც უკრაინისთვის ვაკეთებთ, იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია საკუთარი თავის ეფექტიანად დაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.