ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები თბილისში იმყოფებიან. დილიდან დაგეგმილია მათი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ევროპელი კანონმდებლების ვიზიტს ეხმიანებიან პოლიტიკოსები.
პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი ექნებათ იმ დარღვევებზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლინდა.
"საერთაშორისო პარტნიორებთან გვექნება საუბარი იმ საარჩევნო დარღვევებზე, ინციდენტებზე, რომელიც, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის პროტესტის საგანი. არავინ არ აღიარა არჩევნები - რატომ? იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, მიტაცებული. მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან გვექნება საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.