16 დეკემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"წარმოგიდგენიათ?! ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული მომავალი და ამ გზაზე გვაშანტაჟებენ... ამას არ დავუშვებთ" - კახა კალაძე სანქციებზე

"ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ხალხს, ქვეყანას და ამის გამო მოდის შანტაჟები, მუქარა. ძალიან გაბრაზებულები და გაღიზიანებულები არიან ის გარე ძალები, რომლებიც დამარცხდნენ საქართველოში," - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროპული მომავლის გზაზე აშანტაჟებენ.

"სამწუხაროა ამ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. როდესაც საუბარია სანქციებზე, უნდა იყოს ახსნა განმარტება - რის გამო? იმისთვის, რომ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ხალხს, ქვეყანას და ამის გამო მოდის შანტაჟები, მუქარა. ძალიან გაბრაზებულები და გაღიზიანებულები არიან ის გარე ძალები, რომლებიც დამარცხდნენ საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 1 მლნ 120 000-მა ადამიანმა უთხრა "არა" ბოროტებას, უსამართლობას, სიცრუეს. წარმოგიდგენიათ?! ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული მომავალი და ამ გზაზე გვაშანტაჟებენ. ასეთი მიდგომები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ, რომ ვინმეს ვაშანტაჟებინოთ თავი," - აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ საქართველოს მთავრობის 20-მდე თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ სანქციებს შემხვედრ ზომებს არ დაუპირისპირებს და ორივე სახელმწიფოსთან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

დღის ამბები