16 დეკემბერი 2024,   21:02
ვრცლად
ენერგეტიკა, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ჩვენი ეკონომიკის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებაში - ლევან დავითაშვილი ახალი ქვესადგურის შესახებ

დასრულდა ქვესადგურ "წყალტუბო 500"-ის მშენებლობა. გაიმართა ოფიციალური ღონისძიება, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.

პროექტი გააძლიერებს მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელს და შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. პროექტის ღირებულება 20 მილიონ დოლარამდეა.

პრემიერმა ისაუბრა მიზნებზეც და განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს გეგმა 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბოს, რითაც საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ძლიერი კონტრიბუტორია.

"ენერგეტიკა, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ჩვენი ეკონომიკის, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელექტროსისტემა უკვე ახორციელებს პროექტს, რომელიც 80 კმ-მდე სიგრძის 500 კილოვოტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, საბოლოოდ ეს იქნება მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დასავლეთ საქართველოში არსებული ენერგო რესურსები გამოვიყენოთ", - აცხადებს დავითაშვილი.

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალი ქაან ორბაის განცხადებით, თურქეთი მზად არის ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.

"მე მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა ჩვენი ორმხირვი ურთიერთობების გასაღრმავებლად. მზად ვართ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენს რეგიონში,"- აცხადებს ალი ქაან ორბაი.

დღის ამბები