ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბრიფინგით გამოეხმაურნენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლის მიზანიც აქციის მონაწილეებზე ზეწოლაა.
NGO-ების განცხადებით, ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.
"პირველად საქართველოს ისტორიაში შემოდის პრევენციული დაკავების მექანიზმი, პრევენციული დაკავება არ მოქმედებს არც სისხლის სამართალში, ამას არ იცნობს არც დასავლური ქვეყნების კანონმდებლობა, არანაირი სამართლებრივი მსჯელობა ამას არ სჭირდება. პრევენციულად ადამიანებს არ აკავებენ, ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა", - აცხადებს იურისტი, "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე.