20 დეკემბერი 2024,   14:48
ვრცლად
"ისინი ჩამოსულები არიან კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესასწავლად და არა "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მისანიჭებლად" - ლანა გალდავა ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტზე

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. მთავრობის ოპონენტების თქმით, ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია.

"ჩვენი მხრიდან საუბარი ეხებოდა სწორედ ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის იმ მეთოდების გამოყენებას, რომელიც მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი. სხვა დანარჩენს, თუ იქნება პრესკონფერენცია, ის თავად შეაფასებს. ერთი რამ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს ივანიშვილის მარიონეტულ, ავტორიტარულ რეჟიმს და ეს შეხვედრები არ ცვლის ამ ვითარებას", - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.

ოპოზიციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნის შეხვედრა მმართველ გუნდთან მთავრობის ლეგიტიმურობას არ ნიშნავს.

"მოვახსენეთ ის მტკიცებულებები, რომელიც არის ამ ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების არალეგიტიმურ გარემოში წარმართვის და უდიდესი დარღვევების შესახებ. რა თქმა უნდა, მათ თქვეს, რომ ეს არის მძიმე დარღვევები და ისინი ჩამოსულები არიან სწორედ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესასწავლად და არა ლეგიტიმაციის მისანიჭებლად "ქართული ოცნებისთვის", - აცხადებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი ლანა გალდავა.

დღის ამბები