"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტი და მთავრობის პირველ პირებთან შეხვედრა არის იმის დასტური, რომ არალეგიტიმურ მთავრობაზე გაკეთებული შეფასებები ოპოზიციის მხრიდან არის მხოლოდ სპეკულაცია, რომელიც უნდა დასრულდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ავთანდილ კუნჭულიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან შეხვედრაზე უარის თქმა გასაკვირი არ არის, რადგან მათ არ სურთ, მონაწილეობა მიიღონ იმ ადამიანთან შეხვედრაში, რომელიც საქართველოსადმი მხარდამჭერ პოზიციებს აფიქსირებს.
"მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს გენმდივანთან, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი და დადასტურდა, რომ ჩვენ გვყავს ლეგიტიმური მთავრობა და პარლამენტი. შესაბამისად, ამ თემაზე ნებისმიერი შემდგომი სპეკულაცია რეალობას არის მოკლებული. გასაკვირი არ არის, რომ მასთან დიალოგზე უარს ამბობს კონკრეტული ოპოზიციური პარტიები, რამდენადაც მათ არ სურთ, მონაწილეობა მიიღონ იმ ადამიანთან შეხვედრაში, რომელიც საქართველოსადმი მხარდამჭერ პოზიციებს აფიქსირებს", - აცხადებს ავთანდილ კუნჭულია.
"ქართული ოცნების" წევრი, ვახტანგ ჩოჩია კი აცხადებს, რომ, ამ შეხვედრით, ევროპის საბჭომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა.
"ევროპის საბჭომ აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია და შეხვდა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ვინაიდან მსგავსი შეხვედრები არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ იმართება. შესაბამისად, ამ ნაბიჯით, ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს პოზიციასა და დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, იყო მზაობა ბატონი ალანის მხრიდან, რომ შეხვედროდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუმცა ოპოზიციამ ისევე მარტივად უარყო ევროპის საბჭო, როგორც ეუთო და ოდირი", - აცხადებს ვახტანგ ჩოჩია.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე, მესამე დღეა, თბილისში შეხვედრებს მართავს. ის უკვე ესაუბრა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს.