საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი.
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნას ალტერნატივა არ აქვს.
"დღემდე ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გმობდა ხელისუფლებას, როგორც მოძალადეს, გმობდა სხვადასხვა საკითხებს, მაგრამ ბევრი მათგანი ელოდებოდა ეუთო/ოდირის შემაჯამებელ დასკვნას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ახლა მთელი ძალთა კონსოლიდაცია იქნება ამ კონკრეტული საკითხის გარშემო, ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ამას არ აქვს ალტერნატივა. ამ პროცესს არ უწერია მარცხი, ვინაიდან, ქვეყანაში როდესაც 300 ადამიანი არის ნაწამები, არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩებოდა, ივანიშვილის მაგივრად სხვა გვარის ადამიანი რომ ყოფილიყო და მეორე, ძალიან თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიან და თავისუფალ გარემოში, რაც დადასტურებულია უკვე ეუთო/ოდირის შესაბამისი დასკვნით," - აცხადებს ნიკა მელია.
ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავაც, რომელიც ამბობს, რომ დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.
"ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა ახალი არჩევნების შესახებ, არის სრულიად გამართლებული, ვინაიდან და რადგანაც, ამ დასკვნამ დააყენა ლეგიტიმურობის საკითხი და ამით წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რასაც ვისმენდით ქართული ოცნების მხრიდან არჩევნებთან და კონკრეტულად, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ამ დასკვნამ ძალიან ცხადად წარმოაჩინა, რომ ამ არჩევნების შედეგები არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, შესაბამისად, მისი შედეგები არის არალეგიტიმური და ამიტომ, უნდა ჩაუნიშნოს ხელახალი არჩევნები," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირი 53 გვერდიან დოკუმენტში პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნები კონკურენტულ, საარჩევნო კამპანია კი თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა. კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღე, დაძაბული გარემო და პროცესის შესაბამისობა ეუთო-ს პრინციპებთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან.