"სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნაზე, მაფიქრებინებს, რომ ის ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები, კონსტიტუცია არ არსებობს," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, არ ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვინმე სერიოზულად მიიღებს.
"მისი ეს განცხადება არ მგონია, რომ ვინმემ სერიოზულად მიიღოს. როგორც ჩანს, მას გარედან მკაცრი დავალება აქვს მიღებული, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ცდილობს, პროცესები აქეთ წაიყვანოს. მას არაფერი გამოუვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, არ ემორჩილება კანონს და ურჩევნია, უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მივიდნენ ორბელიანების სასახლეში და გაიმართოს მსჯელობა ახალ არჩევნებზე. ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის თარიღი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე.