"ქართული ოცნება" ახალ არჩევნებზე პრეზიდენტთან მსჯელობას არ აპირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება, სადაც მიიჩნევენ, რომ ეს არის ერთადერთი კონსტრუქციული გზა არსებული კრიზისის განსამუხტად.
"საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართველ ხალხთან, ორ მთავარ და მნიშვნელოვან მოთხოვნაში: ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ მხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას და არ აპირებს, დათმოს ის ლეგიტიმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს შერჩენილი," - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.
"ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს.
"არ არსებობს არცერთი კომპონენტი, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ამიტომ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით. არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. მზად ვართ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" ლიდერებს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა მივიდნენ ორბელიანების სასახლეში და გაიმართოს მსჯელობა ახალ არჩევნებზე. ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის თარიღი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე.