ადრიატიკის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტის, მამა ილია კარტოზიასთვის დაწესებული ჯილდო „ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის“, ეკონომიკის მინისტრმა დღეს მამა ილიას ძმას გადასცა.
ეს ჯილდო გასულ კვირას, დიმიტრი ქუმსიშვილს ლონდონში ვიზიტისას, საერთაშორისო საზღვაო სააგენტომ მიაწოდა.
ილია კარტოზია გასულ წელს იტალიურ ბორან Norman Atlantic-ზე გაჩენილი ხანძრის დროს გარდაიცვალა. მან სამაშველო ნავზე თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.
“მე გადმომეცა მამა ილიას ოჯახისათვის გადასაცემად განსაკუთრებული სიმამაცისათვის განკუთვნილი სიგელი, რომელიც ხაზს უსვამს და აფასებს იმ სიმამაცეს, რომელიც მამა ილიამ გამოიჩინა,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.