08 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
სტოლტენბერგი: NATO ბოლო წლებში თურქეთს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება

ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი მიმდინარეობს. ორდღიანი შეხვედრა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.

განსახილველი საკითხებს შორის სირიის კრიზისი, ავღანეთის მისია და გლობალური გამოწვევები დგას.

მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებისთვის განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა და ყურადღება შეხვედრის დღის წესრიგსა და თურქეთ–რუსეთს შორის ბოლო დროინდელ დაპირისპირებაზე გაამახვილა.

"სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ, მაგრამ NATO რეაგირებას ახდენს. დღეს და ხვალ შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ. ძალადობრივი ექსტრემიზმის ზრდა და ბოლოდროინდელი
ტერორისტული თავდასხმები ჩვენი გამოწვევაა. ჩვენ ვიმუშავებთ თურქეთის უსაფრთხოების დასაცავად. NATO წლების განმავლობაში მხარს უჭერდა თურქეთს, როგორც მოკავშირეს. ბოლო წლებში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დავეხმარეთ და ამ მიმართულებით სამუშაოები კვლავ გრძელდება. თუმცა, ეს სუ24-ის ჩამოვარდნას არ უკავშირდება,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

NATO-ს შტაბბინაში ამ წუთებში მიმდინარეობს მტკიცე მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრაც, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება. 

"ამ გზაზე თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ეს არის საქართველოს საბოლოო მიზანი. NATO უნდა იყოს მზად, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. საქართველო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ამ მიმართულებით შეიძინოს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

დღის ამბები