ბათუმში მდებარე ისტორიული ნაგებობა დაანგრიეს, მის ადგილას კი ახალი კორპუსი შენდება.
130 წლის შენობა ძეგლის სტატუსმაც ვერ დაიცვა და მის ადგილას დღეს 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი არასამთავრობოების ინფორმაციით, მე -19 საუკუნეში აგებული შენობის დემონტაჟი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ამ ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა.
ვაშა-ფშაველას 13-ში მდებარე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დანგრევამდე რამდენიმე თვით ადრე, 2015 წლის ივნისში, მიენიჭა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მირანდა ჩარკვიანი, ამბობს, რომ სააგენტო ძეგლის რეაბილიტაციაზე მუშაობდა და უკვე არსებობდა პროექტის ესკიზებიც. თუმცა, ძეგლი კერძო მესაკუთრემ თვითნებურად დაანგრია და სააგენტოს ოფიციალური ნებართვა რეკონსტრუქციაზე ან დემონტაჟზე არ გაუცია.
ვაშა ფშაველას 13 ნომერში საცხოვრებელ კორპუსს შპს სლავა აშენებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი შენობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არავის გაუფრთხილებია. შენობა კი სიძველის გამო თავად ჩამოინგრა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.