20 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ვაჭარ თამამშევის სახლის რესტავრაცია მილიონ დოლარამდე დაჯდება - შენობის რეაბილიტაციას სოკარი ახორციელებს

იალბუზის 18 ნომერში მდებარე ვაჭარ თამამშევის სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ბრძანებას, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს თხოვნის მიუხედავად, გურამ ოდიშარიამ ხელი არ მოაწერა.   

კულტურის ყოფილი მინისტრი 1 წლის წინ მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებას დღეს ვერ იხსენებს. 

მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლის დემონტაჟის ნებართვა 2014 წელს თბილისის მერიამაც გასცა.

შენობა კერძო ინვესტორმა სწორედ ამ პერიოდში შეიძინა.

ორგანიზაცია თფილისის ჰამქარი ერთადერთი იყო, რომელიც ძეგლის დანგრევას ეწინააღმდეგებოდა. თბილისის დამცველებმა მოგვიანებით ინვესტორისგან პირობა მიიღეს, რომ უნიკალური შენობა არ დაინგრეოდა. სწორედ ამის შემეგ დაიწყო მცდელობა შენობისთვის ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ. სტატუსი ძეგლს დღემდე არ მიუღია, თუმცა ინვესტორმა პირობა შეასრულა.

ნავთობკომპანია სოკარის მიერ შეძენილი შენობის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. უნიკალური ტექნოლოგიით შენობა უვნებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასწიეს და გზის სავალ ნაწილს გაუთანაბრეს. შენობის იერსახის შესანარჩუნებლად დაახლოებით მილიონ დოლარამდე თანხა დაიხარჯება. 

შენობის რეაბილიტაციის გადაწყვეტილებას დღეს სამაგალითო უწოდა ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარმა.

უნიკალური შენობის არქიტექტურა თბილისში მოღვაწე პოლონელ არქიტექტორს, ალექსანდრე შიმკევიჩს, ეკუთვნის. მის სახელს უკავშირდება უზენაესის სასამართლოს შენობა და თბილისის კონსერვატორია.

 

ავტორი გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები