ვალეში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები პროტესტს კვლავ აგრძელებენ. 100-მდე გაფიცულმა მუშახელმა დღეს სამუშაოზე შესასვლელი გზა ისევ გადაკეტა. ისინი ანაზღაურების მომატებასა და კვების მენიუს გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს, კომპანიის დავალებით, კადრების თანამშრომელი ილია ბეჟაშვილი შეხვდა. მან გაფიცულებს, ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად შესვლის მიზნით, ლიდერების სიის ჩამოწერა დაავალა, რაზეც აქციის მონაწილეებმა კატეგორიული უარი განუცხადეს. მათი თქმით, აქციის პირველ დღეს იგივე მიზეზით 30 კაციანი სია ჩამოწერეს, რის შემდეგაც ისინი აქციის მოთავეებად მიიჩნიეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მუშები შიშობენ, რომ შესაძლოა ამჯერადაც იგივე განმეორდეს. ადგილზე მობილიზებულია სამცხე–ჯავახეთის რეგიონული მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
გაფიცული მუშახელი პერმანენტული აქციებით იმუქრება, მანამ სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.