20 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ფართომასშტაბიანი აქციების გამართვით იმუქრება

პოლიტკოვსკაიას, ყოფილი ჯიქიას ქუჩის 9ა ნომერი კორპუსის მაცხოვრებლები ბუნებრივი აირის შეყვანას უკვე სამი წელია ელოდებიან.

გარდა ამისა, ადგილობრივები მოუწესრიგებელ ლიფტებსა და ანტისანიტარიასაც უჩივიან. კორპუსის მაცხოვრებლები კონტრაქტორი კომპანია ელ-777-ის ხელმძღვანელს მუქარასა და უხეშ მოპყრობაშიც ადანაშაულებენ.

კომპანიის ხელმძღვანელი ბრალდებებს უარყოფს და გაზიფიცირებაზე პასუხისმგებლობასაც იხსნის. ლევან ფხაკაძე განმარტავს, რომ კორპუსი შპს ჯი-ს მიერაა აშენებული, მან კი კორპუსში 30-მდე ბინა შეიძინა და შემდეგ გაყიდა. ფხაკაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიაა დაწყებული.

კორპუსის მცხოვრებლების თქმით კომპანია ჯი-ს უკანაც ლევან ფხაკაძე დგას, რადგან ის მისი დედის ძმას ეკუთვნის. ფხაკაძეს 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ე.წ. პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭა. მის წინააღმდეგ განაჩენი სასამართლომ 2011 წელს განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო გამოიტანა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები